საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო დაზვერვის დღე აღნიშნეს

საქართველო, თბილისი - 15:39 | 18.11.2015
ნანახია: 2353

სამხედრო დაზვერვის 24 წლის იუბილესთან დაკავშირებით გორის სასროლეთზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მონაწილეობით, სიტუაციური საველე სწავლება „ისარი 2015“ გაიმართა.

მზვერავებს პროფესიული დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მეხუთე ბრიგადამ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სადაზვერვო ოცეულმა აჩვენა ყველას, თუ რა შეუძლია. სამხედრო მზვერავი უნდა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობა შეიარაღებულ ძალებში და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა მოქმედ და ვეტერან სამხედრო მზვერავს მივულოცო სამხედრო დაზვერვის დღე“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

არაგეგმური სადაზვერვო სწავლების დროს სადაზვერვო ოცეულის პირადმა შემადგენლობამ, მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების მიზნით, ჯავშანმანქანებით მოტორიზებული რეკოგნოსცირება და საბრძოლო პატრული განახორციელა.

სწავლების მიზანი იყო დაზვერვის ასეულის პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა მოტორიზებული სადაზვერვო და საბრძოლო პატრულის წარმოებისას მეთაურების მიერ გადაწყვეტილების მიღების, ქვედანაყოფებამდე დაყვანის და შესრულების მოხსენების დროის მაქსიმალურად შემცირება; მართვისა და კონტროლის დახვეწა; კავშირგაბმულობის ორგანიზების შემოწმება და საარტილერიო ცეცხლით მხარდაჭერის კოორდინაცია.

ღონისძიების ბოლოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მეხუთე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის დაზვერვის პირველი ოცეულის პირადი შემადგენლობა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე