საპარტნიორო ფონდს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 19:05 | 23.09.2015
ნანახია: 2033

საპარტნიორო ფონდს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს, - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დავით საგანელიძეს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ის გამოცდილი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი და სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

„ბატონი დავითი პარლამენტს დაემშვიდობა და მუშაობას განაგრძობს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. გარდა იმისა, რომ იგი პროფესიით ექიმია, აქვს ეკონომისტისა და იურისტის განათლება და რაც მთავარია - მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. თავის დროზე ის იყო საქართველოში პირველი სამედიცინო კომპანიის დამფუძნებელი, ასევე ერთ-ერთი მსხვილი ქართულ-ბრიტანული ერთობლივი კორპორაციის პრეზიდენტი. ამავე დროს დავით საგანელიძე წლების განმავლობაში იყო ორი უმსხვილესი ბანკის - „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „თი-ბი-სი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავით საგანელიძე თავის ცოდნას და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს საპარტნიორო ფონდს. ჩვენ სერიოზული გეგმები და ხედვები გვაქვს ფონდის საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ირაკლი კოვზანაძეს, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე გახდა და ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე