ქობულეთში მოზარდის გაუჩინარებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ

საქართველო, თბილისი - 15:57 | 09.12.2017
ნანახია: 1255

ქობულეთში, 2 დღის წინ გაუჩინარებული 17 წლის გოგი დოლიძის ოჯახი ვარაუდობს, რომ მომხდარი “ლურჯი ვეშაპის” თამაშს უკავშირდება.

მოზარდის მამა ზორბეგ დოლიძე აცხადებს, რომ მისი ვაჟი 7 დეკემბერს დილის 09:00 საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში და გაუჩინარდა.

,,პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, სამ საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა. ვეჭვობ, ინტერნეტთამაშებს შეიძლება უკავშირდებოდეს. “ლურჯი ვეშაპის” ფოტო ვნახეთ მის კომპიუტერში, ჰქონია საეჭვო სტატუსებიც, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია”,- ამბობს გაუჩნარებული მოზარდის მამა.

ინტერნეტთამაშებთან კავშირზე საუბრობს მისი დაც.

,,წუხელ  სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ რუსულ თამაშს „ჩორნი კიტს“ ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული. მინახავს ისიც, რომ დაუხატავს ლურჯი ვეშაპი. ხელები დაკაწრული ჰქონდა”, - თქვა თეონა დოლიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმე აღძრული არ არის, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე