ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, ვფიქრობ, ის პოტენციური მკვლელია - 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი

საქართველო, თბილისი - 12:49 | 04.12.2017
ნანახია: 1643

,,ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, ვფიქრობ, ის პოტენციური მკვლელია"- ამის შესახებ 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ განაცხადა. 

,,ძალიან ვწუხვარ, ერთი, რომელიც იძებნება, სკოლაში საერთოდ არ ბრძანდებოდა. მეორე მოსწავლე 6 გაკვეთილის მსვლელობას ესწრებოდა და შემდეგ, რაც მოხდა მოხდა.. როგორ გავიდნენ, სად მივიდნენ ამას პროკურატურა დაადგენს. სკოლის ხელმძღვანელებს და ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მსგავსი ფაქტი, რომ დაპირისპირება ან ღელვა იყო არ შეიმჩნეოდა. ადამიანი, რომელიც ჯიბეში დანას ჩაიდებს, მე ვფიქრობ, რომ ის პოტენციური მკვლელია,"- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

შეგახსენებთ, 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების დროს ორი მოზარდი დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე, მეორე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

3 დეკემბერს პროკურატურამ მომხდარი დანაშაულისთვის ორი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. 

ერთ-ერთის -გ.ბ-ს სასამართლო პროცესი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს, 12:30-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ მეორე პირს - გ.ჯ -ს, როგორც გუშინ, პროკურატურაში განმარტეს, ის ემალება გამოძიებას.

დღეს - 4 დეკემბერს კი შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ სამი პირი დააკავეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე