დავით ნარმანია 95-ე ბაგა-ბაღის შენობის ენერგო გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 13:56 | 17.11.2015
ნანახია: 1664

თბილისის მერი დავით ნარმანია 95-ე ბაგა-ბაღში, ბაგა-ბაღის შენობის ენერგო გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციას  დაესწრო.

თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც მიზნად აღნიშნული ბაგა-ბაღის ენერგოეფექტურ შენობად გადაქცევას ისახავს, გერმანულმა „DagenbachLansdcapes” გაიმარჯვა. დღეს ფონდის მენეჯმენტთან ერთად, პრეზენტაცია კომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა.

„ჩვენ ვიწყებთ ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის პროექტს, რომელიც გულისხმობს, რომ ეს ბაღი გახდება მეტად თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და შესაბამისად, დავზოგავთ ენერგიასა და კომუნალურ ხარჯებს, ასევე შევასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც გვაქვს მერების შეთანხმების ფარგლებში და რომლებიც ითვალისწინებენნახშირორჟანგისემისიების შემცირებას. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც სხვა მუნიციპალურ შენობა-ნაგებობებშიც დაინერგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტი „ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა“ შერჩეული შენობის ენერგოეფექტური კარკასითა და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტებით აღჭურვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება ბაღის საინჟინრო სისტემებთან ინტეგრირებული სახურავი, წყალგაყვანილობისა და ატმოსფერული წყლების შეგროვების სისტემები, სრულად განახლებული გათბობა-გაგრილება-ვენტილაცის სისტემები.

ევროკავშირის მიერ ინიცირებული მერების შეთანხმებით, თბილისის მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგიის ეფექტურობის ზრდასა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე. შეთანხმების მიზანია, 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირება, რაც ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტი სწორედ ამ შეთანხმების განხორციელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე