საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 17.11.2015
ნანახია: 1723

ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ჰაინც ფიშერთან გამართა. 

შეხვედრაზე ევროპაში განვითარებულ მოვლენებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განიხილეს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. ჰაინც ფიშერის განცხადებით, ავსტრია საქართველოს ევროპულ კურსს მხარს უჭერს და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს.

დავით უსუფაშვილმა ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მისი თქმით, ქვეყანას დროის დაკარგვის ფუფუნება არ აქვს და განვითარებისა და წინსვლისთვის აქტიურად უნდა იმუშაოს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში ევროკავშირის როლიც. ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

მხარეებმა საქართველოს სამეზობლო პოლიტიკაზე და ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საუბარი ავსტრიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და გაძლიერების მნიშვნელობასაც შეეხო, ასევე, 2017 წელს ავსტრიის მიერ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პოსტის დაკავებაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეუთოსთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისთან (ODIHR) თანამშრომლობისა და განსაკუთრებით, მათი საარჩევნო პერიოდის მონიტორინგში ჩართვის მნიშვნელობა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე