ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანდოდ აღიარებული

საქართველო, თბილისი - 10:33 | 17.11.2015
ნანახია: 1503

საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სხდომაზე  სათანადოდ შეფასდა ასოცირების ხელშეკრულების ეტაპობრივი განხორციელების პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ტრანფორმაცია და მოდერნიზაცია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველყოფა,”-აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების გატარების პროცესში და იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო დახმარებას. მანვე ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ეტაპობრივი მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანდოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ევროპაში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე