ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ

საქართველო, თბილისი - 17:40 | 17.11.2017
ნანახია: 916

„ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებსა და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ძირითადი კანონის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი აკადემიური ტიპის დისკუსია შედგეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ამ სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა იყო.

„კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ნებისმიერი საკონსტიტუციო დოკუმენტის, ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანა არის ავტოკრატიის და ავტორიტარიზმის გამორიცხვა. ამ პრინციპზე და მიზანზე უნდა იყოს აგებული ნებისმიერი კონსტიტუცია. გვახსოვს, გასული წლებიდან, 90-იანი წლებიდან, შემდეგი ათწლეულიდან, თუ სადამდე მიგვიყვანა არასწორმა, გაუმართავმა კონსტიტუციებმა, ეს იყო ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლის საფუძველი და მთავარი საყრდენი, სამწუხაროდ, სწორედ კონსტიტუციები იყო. ჩვენ გამოვიარეთ ქვეყნის ძირითადი კანონის სამი სხვადასხვა რედაქცია და ამ რედაქციებმა უზრუნველყო საქართველოში, სამწუხაროდ, ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული მმართველობის რეჟიმების ჩამოყალიბება. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ამის გამორიცხვა იყო და ჩვენ ვეფუძნებოდით იმ რწმენას, რომ ამის გამორიცხვა ყველაზე მეტად შეუძლია სწორედ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ აქაც გამოვიარეთ როგორც საპრეზიდენტო, ასევე, ნახევრად საპრეზიდენტო მოდელები და ერთადერთი, რომელიც ბოლომდე არ გამოგვიცდია, ეს არის სწორედ საპარლამენტო მმართველობა და საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემები ევროპის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თავიდანვე განვაცხადეთ ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია იმის თაობაზე, რომ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა არსებული საპარლამენტო სისტემა და რეფორმის მთავარი მიზანი ამ საპარლამენტო სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და მისი სრულყოფა იყო",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  სისტემაში წარმოდგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს. ასევე,  ცვლილებების შედეგად, შეუძლებელი იქნება ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება.

„ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც სრულად ამოქმედდება, როგორც კი შედგება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კი შედგება პირველი შეკრება ამ სხდომათა დარბაზში, 2020 წლის ნოემბერში, მაშინვე ჩაირთვება სრულად ყველა საკვანძო რეგულაცია, რომელიც მოცემულია ქვეყნის ძირითად კანონში -დაწყებული პროპორციული საარჩევნო სისტემით, დამთავრებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ძალიან დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ პარლამენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლოს და პარტიული კუთხით ნეიტრალურ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სულისკვეთება და არსი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუხლობრივმა განხილვამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თითოეული მუხლი მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს მოიცავს. ირაკლი კობახიძემ მოქმედი კონსტიტუცია და მისი ახალი რედაქცია შეადარა და აღნიშნა, რომ ახალ რედაქციაში არ არის არცერთი მუხლი, რომლითაც მმართველი  ძალის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციები უმჯობესდება.

„ერთადერთი, იყო გარკვეული საუბრები და სპეკულაციები პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით და აქაც, იმისთვის, რომ ასეთი სპეკულაციების ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, გადავწყვიტეთ და მხოლოდ 7 წლის თავზე, 2024 წელს ამოქმედდება პირველად პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. ეს ცხადყოფს სრულიად კონსტიტუციურ კულტურას, სრულიად ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. გახსოვთ, რომ 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში გასული 20 წლის განმავლობაში და თითოეული ცვლილება, ყველა ცვლილება ემსახურებოდა მაშინდელი მმართველი პარტიების სუბიექტურ ინტერესებს. პირველად შედის ისეთი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც არათუ არ შეესაბამება ჩვენს სუბიექტურ ინტერესებს, არამედ, პირიქით, არის ამ სუბიექტური ინტერესების საწინააღმდეგო რეგულაციები. აქ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ იცვლება საარჩევნო სისტემა, ასე ვთქვათ, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასევე, ძლიერდება ოპოზიციის უფლებები, არის უამრავი ცვლილება, რომელიც ზღუდავს მმართველი პოლიტიკური ძალის სუბიექტურ ინტერესებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული სისტემა.

ამ ცვლილებების პოზიტიური მხარე და მისი სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე