ერდოღანი აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 17.11.2017
ნანახია: 943

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებაში დაადანაშაულა.

 „მათი ბრძოლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ - მხოლოდ სახელია. რა გააკეთეს? „ისლამურ სახელმწიფოს“ დოლარების ბღუჯა გადაუხადეს“, - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი შესანიშნავად ხედავს სცენარის დეტალებს, რომლის გათამაშებაც  რეგიონში ვაშინგტონს სურს. „ეს მოკავშირეთა ურთიერთობა არ არის, ეს რაღაც სხვაა“, - აღნიშნა ერდოღანმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შესაძლოა დაბრკოლების გარეშე სირიის ქალაქი რაქა დაეტოვებინათ იმ შეთანხმების წყალობით, რომელიც სირიის დემოკრატიულ ძალებთან გაფორმდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ტერორისტების ევაკუაცია აშშ-სა და დიდი  ბრიტანეთის დავალებით განხორციელდა.

მებრძოლების საიდუმლო ევაკუაციის შესახებ საერთაშორისო კოალიციის პრეს-მდივანმა რაიან დილონმა დაადასტურა. „ჩვენ არ გვსურდა, რომ ვინმე წასულიყო, მაგრამ გადაწყვეტილებას სირიელები იღებდნენ“, - აღნიშნა მან.

მოგვიანებით დილონმა დააზუსტა, რომ 300-მდე ტერორისტმა რაქა 3 500 მშვიდობიან მცხოვრებთან ერთად დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე