არჩილ თალაკვაძე თეა წულუკიანის მისამართით თანაგუნდელის კრიტიკას არაკორექტულს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 13:54 | 17.11.2017
ნანახია: 930

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მისამართით თანაგუნდელის შოთა შალელაშვილის კრიტიკას ეხმაურება და მას არაკორექტულს უწოდებს.

,,თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ. მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

დეპუტატ შალელაშვილის შეფასებით, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. ის ”ფეისბუქში” იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.

,,მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს”, - წერს დეპუტატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე