დიდი სურვილი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველომ დადებით შეფასება მიიღოს- ლინას ლინკევიჩუსი

საქართველო, თბილისი - 18:12 | 16.11.2015
ნანახია: 1497

ამის შესახებ  ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის პარალელურად ქ. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლიტვის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და ამ კონტექსტში ფართომასშტაბიანი   რეფორმების მიმდინარეობის პროცესი. ასევე განიხილეს უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პერსპექტივა. ამ მიმართულებით აღინიშნა ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებისა და იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.

"ჩვენ გვქონდა გულწრფელი და ღია საუბარი. ჩვენ  საქართველოს მეგობრები ვართ და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია. აღვნიშნეთ სამშვიდობო ოპერაციებში  საქართველოს როლი. განვიხილეთ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან დაახლოების გზები, ზომიერი მიდგომები კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში. საქართველოს აშკარა პროგრესი ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ  დეკემბერში საქართველომ დადებითი შეფასება მიიღოს.  ვიმსჯელეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც,  როგორიცაა სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება.  ეს ასპექტები ძალზედ მნიშვნელოვანია"-განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე