მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 18:04 | 16.11.2015
ნანახია: 1614

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა.

12 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი შეხვდა ქუთაისის უნივერსიტეტის კანდიდატ ვლადიმერ გაბრიჩიძეს; ოფიცერთა კავშირისა და მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციის მიერ დასახელებულ კანდიდატ ლენა კაპანაძეს; კოტე ჭილაიას, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა თავად წამოაყენა.

13 ნოემბერს თეა წულუკიანი შეხვდა პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს; ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.

ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეხვედრების შესახებ თითოეული შეხვედრის დასრულებისთანავე განთავსდა საპროკურორო საბჭოს საიტზე – pc.gov.ge.

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას შეარჩევს, რომელთაც 19 ნოემბერს საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთი ქალი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე