თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მლნ ლარს შეადგენს

საქართველო, თბილისი - 13:34 | 16.11.2015
ნანახია: 1682

2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონს შეადგენს და ის გასული ანუ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომიიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
სამუშიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი პროგრამულია, გაწერილია, მუხლობრივად ჩაშლილი და გამჭვირვალეა და ნებისნიერ მოქალაქეს შეუძლია, გამოქვეყნების შემდეგ თვალი გაადევნოს რა პროგრამებზე, რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს თანხები და მიიღოს მონაწილეობა საბიუჯეტო პროცესში მონიტორინგის სახით. 
„დასრულდა თვითმმართველობაში ის დრო, როდესაც ერთ დღეს შემოტანილ ბიუჯეტს, მორჩილი უმრავლესობა მეორე დღეს იღებდა. ჩვენ დღეს ვიწყებთ დებატებს ბიუჯეტის გარშემო და ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ თბილისის მერიას და საკრებულოს უმრავლესობას სურს ქალაქს სრულყოფილი ფინანსური დოკუმენტი ჰქონდეს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად პარასკევს შევიდა.
„განხილვის პროცესი საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში დღეიდან იწყება. ხუთი დღის განმავლობაში კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის განხილვის პროცესი წარიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ შესაბამისი დასკვნებით, ბიუჯეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარედგინება. 
თუ შენიშვნები იქნება, ბიუჯეტი, ამ შენიშვნებით ქალაქის მერიას დაუბრუნდება, რომელიც კანონის თანახმად 10 დეკემბრამდე ბიუჯეტს ხელახლა წარმოადგენს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და საუბარი მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებზე გააგრძელა. 
მისივე განმარტებით, 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონს შეადგენს და ის გასული ანუ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია. 
„2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მისი ასიგნებები 803 მილიონს შეადგენდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წელს დაახლოებით 60 მილიონი აღარ დაიხარჯება იმ მიმართულებებზე რომლებიც 2015 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული და ისინი 2016 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის. ეს არის: 21 მილიონი უსაფრთხოების სამსახურისთვის, 29 მილიონი ოლიმპიადისთვის და ეს არის 9 მილიონი დინამოს სტადიონის რეკონსტრუირებისთვის. ამ მიმართულებებს თუ გავითვალისწინებთ, ბიუჯეტი არა 7 მილიონით არამედ დაახლოებით 60 მილიონით იზრდება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და აღნიშნა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში ზრდა პრიოტიტეტების მიხედვით გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრაქტრუქტურის მიმართულებით დაახლოებით 20 მილიონით, ობიექტების მშენებლობისა და ავარიული სახლების მიმართულებით 29 მილიონით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 9 მილიონით, განათლების მუხლში 3 მილიონით და ასევე ზრდა არის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმარულებითაც.
ჯაბა სამუშიას თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში კონკრეტული მასშტაბური პროექტებიც არის ასახული. 
„მაგალითად, იგეგმება 7 მეტროსადგურისა და ორივე (კუსტბა და მთაწმინდა) საბაგირო გზის რეკონსტრუირება, დაგეგმილია ორმხრივი გზის დაწყება (2015 წლის ბიუჯეტშიც იყო ეს პროექტი, მაგრამ სამწუხაროდ სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის გამო მათი დაწყების საშუალება ვერ მოგვეცა ) პუშკინის ქუჩაზე, ასევე მასშაბური პროექტის განხორციელება ქალაქის საცობებისაგან გასათავისუფლებლად, რომელიც გმირთა მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, მომავალ წელს იგეგმება 9 ახალი ბაღის მშნებლობა, რომელთაგან 7 იმავე წელსვე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე