არ მანაღვლებს - ვინ ხარ შენ, რას აკეთებ ამ ცხოვრებაში, თუ სხვა ადამიანს არაფერს უშავებ, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა - გურამ კაშია

საქართველო, თბილისი - 10:55 | 23.10.2017
ნანახია: 2949

საქართველოს ნაკრების მცველი და „ვიტესის“ კაპიტანი, გურამ კაშია ლგბტ პირთა მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმიანება.

ამის შესახებ გამოცემა nos.nl წერს და აღნიშნულთან დაკავშირებით ფეხბურთელის კომენტარს აქვეყნებს. „მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მას ყოველთვის დავუჭერ მხარს. რთულია ამის ახსნა, ჩვენს სამშობლოში ზოგიერთი ადამიანი ამას ვერ იღებს. ცოტანი იყვნენ ისინი, ვინც ჩემს „ფეისბუქზე“ გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს ჩემი პასუხისმგებლობაც იყო. მე არ მანაღვლებს - ვინ ხარ შენ, რას აკეთებ ამ ცხოვრებაში. თუ სხვა ადამიანს არაფერს უშავებ, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა - ეს ჩემი მრწამსია. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, აუცილებლად წავალ სათამაშოდ“, - ამბობს გურამ კაშია.

შეგახსენებთ, გულშემატკივართა ნაწილმა სოციალურ ქსელში კაშია ამ აქციაში მონაწილეობისთვის მწვავედ გააკრიტიკა, ზოგიერთმა კი ფეხბურთელის ნაკრებიდან გაძევებაც მოითხოვა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე