მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 10:25 | 13.11.2015
ნანახია: 1790

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს სტუმრობენ. 
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ესტონეთის კულტურის მინისტრთან ინდრეკ საართან და ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაინე რანდიარვისთან. შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი ესწრებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივ, უკვე განხოციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო ტალინის კინოფესტივალს, რომლის ფოკუს ქვეყანაც წელს საქართველოა. კინოფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმით "ჩემი ბებია" დღეს საღამოს გაიხსნება. 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ესტონეთის კულტურის მინისტრთან და პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილა. ასევე განიხილეს კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კულტურის სტრატეგიის შემუშავების, სამუზეუმო საქმიანობის თუ კულტურული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. 
უწყების ცნობით, 2016 წლის ბოლოს ვადა ეწურება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - მხარეები კვლავ გეგმავენ თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც 2017-2021 წლებში ქვეყნებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე