ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ - დავით ნარმანია

საქართველო, თბილისი - 12:40 | 07.10.2017
ნანახია: 1284

ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანია განაცხადა.

მისი თქმით, წელს თბილისობა გაცილებით დატვირთულია ღონისძიებებით. 

„წელს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი თბილისობა გვაქვს. წინა წლებიც ღონისძიებებით იყო დატვირთული, მაგრამ წლევანდელი თბილისობა გამორჩეულია ღონისძიებების რაოდენობით და იმ სიახლეებით, რომელიც ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთადაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ წელს პირველად, ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები იქნება, სადაც მათი კულტურის, მათი სამზარეულოს და ტრადიციების ჩვენება იქნება. 

გარდა ამისა, ახალ აღმაშენებელზე იქნება საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფენა-ჩვენება. აქვე ე.წ. ორთქლის ქალაქის ჩვენება იქნება, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციაა. ასევე, ფრანების შოუ რიყის ტერიტორიაზე გაიმართება და ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიება - გალა კონცერტი აბანოთუნანში ჩატარდება, რომელიც ასევე წელს პირველად ძალიან საინტერესო კონცეფციითაა წარმოდგენილი. სიმღერები სხვადასხვა სცენებზე იქნება წარმოდგენილი და აქვე, ტრადიციულად საპატიო თბილისელები დაჯილდოვდებიან. 

ყოველდღიურად 20-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს პარალელურად - ასე რომ, ძალიან საინტერესო ღონისძიებებია.

ღონისძიებებით ძალიან დატვირთულია, როგორც დღევანდელი ისე ხვალინდელი დღე. წელს სტუმრების უიპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას ველოდებით. ამინდიც კარგი გვაქვს და ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ“, - განაცხადა ნარმანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე