გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 12.11.2015
ნანახია: 1711

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაერო - ს განვითარების პროგრამის - UNDP-ის ინიციატივით გაიმართა.

„პირველ რიგში, ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და გაერო-ს განვითარების პროგრამას, ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდეს საინტერესო დისკუსია. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში შევდივართ, რადგან ახლოვდება საარჩევნო წელიწადი. წელი, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიის განვითარების შემდეგი ნაბიჯები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ღია ვარ და მივესალმები დისკუსიას და კონსულტაციებს თქვენთან ჩვენი პარტნიორობის მომავალზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას მისასალმებელ სიტყვაში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს და ამ მიმართულებით კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებას. პრეზიდენტმა დიპლომატებთან შეხვედრისას განიხილა ქვეყანაში მედიისა და სასამართლოს მდგომარეობის საკითხი. საუბარი ასევე შეეხო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ელჩებმა ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვის პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის პოზიტიურ როლს გაუსვეს ხაზი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა შეძლო და პროცესი დიალოგის რეჟიმში გადაიყვანა.



--




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე