ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე საჯარო რეესტრში განცხადება საერთოდ არ შესულა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 11.11.2015
ნანახია: 1858

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა, მტკნარი სიცრუეა, - ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საჯარო რეესტრი განმარტავს:

კერძოდ,  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების - დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=search , კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 211352016.  ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია იმის ნახვაც, რომ ამ საკითზე საჯარო  რეესტრში  განცხადებაც კი არ შემოსულა.

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო რეეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოს დირექტორი და არა მისი მინდობილი პირები.

ზაალ უდუმაშვილს,  დავით დვალს და რევაზ საყევარაშვილს  ერთობლივი განცხადებითაც რომ მოემართათ საჯარო რეეესტრისთვის, ეს მინდობილობა მაინც ვერ და არ დარეგისტრირდებოდა. ვინაიდან დირექტორის (მოცემულ შემთხვევაში დროებითი მმართველის) მინდობილი პირის/წარმომადგენლის რეგისტრაციის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (შპს შემთხვევაში დირექტორი) საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ კომპანიის პართნიორთა (წილის მესაკუთრეთა) გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო უშუალოდ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა წარმოადგენს კერძოსამართლებრივ ურთიერთობას უშუალოდ მასსა და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის და მას კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებთან არანაირი შეხება არ გააჩნია. 

შესაბამისად, საჯარო რეესტრი თვლის, რომ ნიკა გვარამიასა და ასევე დროებით მმართველების დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საჯარო რეესტრთან მიმართებაში უპასუხისმგებლოა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველმა დავით დვალმა განაცხადა, რომ ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ნოტარიალური აქტი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში რასაც იდუმაშვილის და ნიკა გვარამიას მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოყვა.

საჯარო რეესტრის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ნიკა გვარამიას განცხადება, სადც ის ბოდიშს იხდის მის მიერ გაკეთებული შეფასებების გამო. 

"მე მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება რეგისტრირებული იყო ეს ყველაფერი თუ არა. ყოველ შემთხვევაში საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული.
ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია არც მოხდება. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული,"- განაცხადა გვარამიამ. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე