გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იორდანიის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:44 | 11.11.2015
ნანახია: 1617

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში იორდანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო) ნასსარ ი. ჰაბაშნეს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოხდეს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებებით და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გაგრძელდება მუშაობა, რათა უახლოეს ხანში საქართველოსა და იორდანიის საგარეო უწყებებს შორის გაიმართოს პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მნიშნელოვან როლს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების საქმეში.

შეხვედრისას იორდანიის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე