ბათუმის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 13:25 | 23.09.2015
ნანახია: 1922

ბათუმის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის  თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა მოსახლეობისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია მწვანე კონცხისა და მახინჯაურის მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია. 900კუბ/მ და 2800 კუბ/მ მოცულობის რეზერვუარი ზღვის დონიდან 57 მეტრზე მდებარეობს. პროექტი ევროკავშირის საგრანტო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ცენტრალური წყალმომარაგების მილების მონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ინდივიდუალური დაერთებები დაიწყება. სამუშაოები 2015 წლის მარტში დაიწყო და 28 თვეზეა გათვლილი. ადგილზე 15 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოებს თურქული კომპანია „ეჯითაში“ ასრულებს. პროექტის აღნიშნული მონაკვეთის ღირებულება 6 მილიონ 100 ათას ევროს შეადგენს. სამუშაოები მარტში დაიწყო და 2017 წლის II კვარტლისთვის უნდა დასრულდეს. III ფაზის სამუშაოების ღირებულება 45 მილიონი დოლარია და მოიცავს ე.წ. ჭაობის დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასაც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც წყალარინების საწნევო, ასევე თვითდენითი მაგისტრალების მშენებლობა და ინდივიდუალური დაერთებების მოწყობა. განხორციელდება წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, III ფაზის სამუშაოების ფარგლებში, სულ მალე, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ანგისის, თამარის დასახლების, ბონი-გოროდოკის, ჩაისუბნის ტერიტორიაზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე სამუშაოები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს. პროექტის სამივე ფაზის ღირებულება 112 მილიონი დოლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე