ოზურგეთის თეატრი კახეთის რეგიონში საგასტროლო ტურნეს გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 23.09.2015
ნანახია: 2272

1-10 ოქტომბერს ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი კახეთის რეგიონში საგასტროლო ტურნეს გამართავს. ქალაქ თელავში ნაჩვენები იქნება ხუთი სპექტაკლი, ასევე სპექტაკლები წარმოდგენილი იქნება ახმეტაში, გურჯაანსა და ყვარელში.

საგასტროლო რეპერტუარი შედგება შექსპირის, იონესკოს, ანუისა და ტიტოვას პიესებისა და რაღა თქმა უნდა, დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისაგან.

ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვასო ჩიგოგიძის განცხადებით ბოლოს ოზურგეთის თეატრი სტუმრად თელავში 29 წლის წინ იყო: „ 29 წლიანი შესვენების შემდგომ ოზურგეთის თეატრი პირველად ჩადის კახეთში. ისე აეწყო, რომ ბოლო და პირველი გასვლა კახეთში ამხელა პაუზის შემდეგ, ემთხვევა ჩემი ხელმძძღვანელობის პერიოდს. ვფიქრობ, ჩვენი თეატრის რეპერტუარი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ქართულ მწერლობას, უცხოურ კლასიკას და აბსურდის დრამატურგიასაც, წარმატებული აღმოჩნდება და დიდი ინტერესს გამოიწვევს კახეთში, ყველაზე ტრადიციულ თეატრალურ რეგიონში, სადაც მაჩაბლის დასი მოღვაწეობდა. გასტროლი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ“.

კახეთის საგასტროლო ტურნეს პარალელურად, ოზურგეთის თეატრი 7 ოქტომბერს თბილისში, გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლს „ანტიგონე“.

საგასტროლო ტურნეს რეპერტუარი შედგება შემდეგი სპექტაკლებისგან: ეჟენ იონესკოს „მაკბეტი“, უილიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“, ჟან ანუის „ანტიგონე“, ნოდარ დუმბაძის „ჭკვიანი გიჟები“, ტიტოვას „ჯადოსნური ზღაპარი“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე