,,ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას'' - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 22.08.2017
ნანახია: 1117

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 146-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლის გამგზავრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და მომხდარი განუმარტეს. მათი თქმით, ისინი კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლიან, იყო ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება.

,,სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვიცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ.

ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს მოუწოდებს, მომავალში მეტი ინფორმაცია მიიღონ და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ.

ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანექსირებულ ყირიშმი თბილისის 166-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე გაემგზავრა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეები 146-ე სკოლიდან იყვნენ.

არსბეული ინფორმაციით, ისინი რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე