ომბუდსმენის აპარატის ორ თანამშრომელს 15-20-მა პირმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

საქართველო, თბილისი - 18:41 | 02.08.2017
ნანახია: 1048

2017 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელ ლ.ღ.-ს და მის თანმხლებ ი.ღ.-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ობიექტის დაცვის 15-20-მდე თანამშრომელმა, შედეგად ლ.ღ.-მ და ი.ღ.-მ სხეულს სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოცემულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის საქმეზე დროულად ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური გარემოებების დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით.

"უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევის სიახლოვეს რამდენიმე ბანკი და საკრედიტო დაწესებულებაა განთავსებული და მიმდებარე ტერიტორია ვიდეოკამერების მეშვეობით კონტროლდება, თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ მოხდეს ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დართვა, ვინაიდან, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო შეზღუდვამ ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტიან და გონივრულ ვადებში გამოძიების წარმართვას და დამნაშავე პირების გამოვლენას, მითუმეტეს, რომ დაზარალებულებმა რამდენიმე პირის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს საგამოძიებო ორგანოებთან.

მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა შესაძლო ღონისძიება გაატაროს ამ ინდივიდუალური დანაშაულის გამოსავლენად, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას: დანაშაულთან ბრძოლასა და მის შემდგომ პრევენციას, მოქალაქეთა ფიზიკურ უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე