თბილისში ე.წ. ,,ხრუშოვკების'' ხანა დასრულდა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:34 | 31.07.2017
ნანახია: 1435

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თავის მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ე.წ ,,ხრუშოვკების'' ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ,თავის გუნდთან ერთად კონკრეტული პროექტი აქვს მომზადებული.

,,უახლოეს მომავალში ვგეგმავ, წარმოვადგინო ჩემი პროგრამული ხედვები. მანამდე მსურს, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დაანონსება. თბილისში ე.წ. ,,ხრუშოვკების'' ხანა დიდი ხანია დასრულდა. არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომლებსაც უკვე კარგა ხანია გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა, არის ამორტიზირებული და მიშენება-დაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური.

ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტი ,,ხრუშოვკების'' ეტაპობრივ ჩანაცვლების შესახებ, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ,,ხრუშოვკის'' ტიპის ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით, ან შესაბამისი კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით. სიცოცხლით სავსე თითოეული უბანი, ეს არის თბილისის სახე და მისი მომავალი,''- ნათქვამია განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე