ვეტოს წარდგენა პარლამენტში არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 17:54 | 26.07.2017
ნანახია: 1096

,,შევახსენებ მოსახლეობას, რომ ვეტოს წარდგენა პარლამენტში არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მცდელობა პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პარლამენტში გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდოს, არის კონსტიტუციური ბალანსის დარღვევა. 

"შევახსენებ მოსახლეობას, რომ ვეტოს წარდგენა პარლამენტში არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება, შესაბამისად საპარლამენტო მდივნისთვის საუბრის გაწყვეტინება, არაერთი მისთვის ხელისშეშლა, რომ მან წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები. ეს უკვე აღარ არის არც ზრდილობის საკითხი, არც ეთიკის საკითხი, არც იურიდიული საკითხი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით დაწესებული ხელისუფლებათა დანაწილების სისტემაზე იერიშის მიტანის მცდელობა. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ ხელი შეუშალა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, განეხორციელებინა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება წარედგინა ვეტო. არაერთხელ ხელი შეუშალა გაწყვეტინებით, ასევე მცდელობით, რომ დაეწესებინა, რისი თქმის უფლება აქვს საპარლამენტო მდივანს და რის არა. ჩვენი კონსტიტუციით დამკვიდრებულია უფლება, რომ პრეზიდენტი წარადგენს მოტივირებულ შენიშვნებს, დამკვიდრებულია გამიჯვნა ხელისუფლებების, უფლებამოსილებების პრეზიდენტსა და პარლამენტსა შორის. ეს მცდელობა შევუზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პარლამენტში, ბუნებრივია, არის ამ კონსტიტუციური ბალანსის დარღვევის მცდელობა", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივიტრებული შენიშვნები რიგგარეშე სხდომაზე განილხილა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე