მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 17:04 | 26.07.2017
ნანახია: 927

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირალი კობახიძის განცხადებით, არ შეიძლება, პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი დოკუმენტი ასე ზედაპირული იყოს.

მისივე მტკიცებით, მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის.

"ჩვენთვის ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის. კომიტეტებს ვთხოვე, რომ შენიშვნებს მთელი ყურადღებით გაცნობოდნენ. პირადად, მეც გავეცანი. ჩემი დაინტერესება განსაკუთრებული იყო, რადგან თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ჩართული 2014 წელსაც ვიყავი და დღესაც ვარ. სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, მანამდე დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ვიყავი და შესაბამისად, გარკვეული ცოდნა მაქვს.

არგუმენტი უსუსტესია და მას არანაირი ღირებულება არ აქვს. რატომ რთულდება მოსახლეობის კომუნალური პრობლემების მოგვარება? - ეს არგუმენტირებული არ არის. უამრავი საერთაშორისო დასკვნა არსებობს, რომ კონსოლიდაციის პირობებში, ხარჯეფექტიანობა იზრდება, რაც კომუნალური მომსახურების ხარისხზე პირდაპირ დადებითად აისახება. საუბარია რაღაც გაუარესებაზე, სადაც ნულოვანი არგუმენტაციაა წარმოდგენილი. ასევე ინვესტიციების მოზიდვა, რატომ რთულდება? - დასკვნაში საერთოდ არაფერი არ წერია. ვინც ანა-ბანაში ერკვევა, იცის, რომ სტრატეგიული დაგეგმვა უფრო ადვილია, რადგან ოჯახის ერთი წევრის განვითარება უფრო ადვილია თუ ხუთი წევრის? - ხუთი წევრის, რადგან ხუთივე ადამიანის ინტერესები პირდაპირ არის გადაჯაჭვული", - განმარტა კობახიძემ .

ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორ ცენტრალურ კონსტიტუციურ ორგანოს - პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობები უნდა იყოს დამყარებული.

"შეგვიძლია ვნახოთ, ქალაქები სწრაფი ტემპით სად ვითარდება? - თბილისსა და ბათუმში. თბილისმა ლამის ნახევარი გარდაბანი და მცხეთა შეიერთა, როგორც ბათუმმა ნახევარი ხელვაჩაური. იქ, სადაც ქალაქი ვითარდება, მას ექსპანსიის ინტერესი აქვს და რატომ? - განვითარებას ხელს უწყობს. თურმე, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, დემოკრატიაა საფრთხეშია და გამოდის, რომ შვედეთში, დანიასა და ნიდერლანდებში დემოკრატია საერთოდ დაუმხვიათ. არ შეიძლება, ასე ზედაპირული მსჯელობა იყოს. არ შეიძლება, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტი ასეთი ზედაპირული იყოს. საუბარია, ორ ცენტრალურ კონსტიტუციურ ორგანოზე - პრეზიდენტსა და პარლამენტზე, სადაც უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობები უნდა იყოს დამყარებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს რიგგარეშე სხდომა რომელზეც ვეტოდადებულ კანონპროექტებზე და პრეზიდენტის მოტივირებულშენიშვნებზე მსჯელობენ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე