ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ჩაიდინა, - იმბუდსმენი

საქართველო, თბილისი - 12:11 | 23.09.2015
ნანახია: 2179

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია გ.გ.-ს მიმართ, მისი სქესის გამო, - ამის შსესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2015 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს - დასახოს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა და შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საავადმყოფოს ყველა განყოფილებაში თავდგომასთან დაკავშირებით პაციენტთა და მშობელთა, მეურვეთა თუ წარმომადგენელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა.

როგორც ირკვევა, მოაქალაქემ არასრულწლოვანი შვილი გადაიყვანა თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინფექციური დაავადებითა და მაღალი ტემპერატურით. მას სურდა 15:00-00:00 დროის პერიოდში შვილთან თავმდგომად დარჩენა, რაზეც რესპირატორული ვირუსული ინფექციების განყოფილების გამგემ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ აღნიშნულის უფლება მხოლოდ დედას და ბებიას ეძლევა, ხოლო მამაკაცები არ არიან დაშვებულნი თავმდგომებად.

გამგის განმარტებით, ის კატეგორიულად არ დაუშვებს განყოფილებაში მამაკაცს, ვინაიდან ის შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში მოვიდეს და თუ დედას არ შეუძლია ბავშვთან დარჩენა, მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლის მოყვანას სთხოვენ.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მიუთითა, რომ მომჩივანისთვის შვილთან თავმდგომად დარჩენაზე უარი, ეფუძნებოდა არა მომჩივანის ინდივიდუალური ქცევისაგან გამოწვეულ საშიშროებას, წესრიგისა და პაციენტთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, არამედ საავადმყოფოში არსებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მამაკაცებს არ აქვთ უფლება შვილთან დარჩნენ პალატაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სტერეოტიპები უზღუდავს მამაკაცებს შესაძლებლობას შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი შვილის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მეუღლეებთან ერთად გაინაწილონ მშობელზე დაკისრებული ტვირთი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მამის როლის დაკნინება ბავშვზე ზრუნვასა და აღზრდაში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა სტიგმებისგან თავისუფალ გარემოში ქალთა თანაბრად ისარგებლონ მშობლის უფლებებით და იტვირთონ მათზე დაკისრებული მოვალეობები”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე