დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 18:37 | 06.11.2015
ნანახია: 2046

„გჯეროდეთ 21-ე საუკუნის გმირების“ - ამ სიტყვებით წარუდგინა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორმა ელენე გოცაძემ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ახალგაზრდებთან ქართველი ჯარისკაცების შეხვედრა, ნატოს კვირეულის ფარგლებში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით გაიმართა.

ახალგაზრდებმა ავღანეთში, ISAF-ის მისიაში დაჭრილ ჯარისკაცებს, კაპრალებს თემო დადიანსა და ალიკა გითოლენდიას თბილი დახვედრა მოუწყვეს და ლიტერატურული ჩანახატიც წარუდგინეს.

სამხედროებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბავშვებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მშობლების განწყობა როდესაც შეიტყვეს, რომ მათ შვილებს საერთაშორისო მისიის შესრულება ავღანეთში მოუწევდათ. შეკითხვები, ძირითადად, ქართული სამხედრო კონტინგენტის კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, ავღანეთში არსებულ პირობებს, ცხოვრების დონესა და განათლების სისტემას შეეხო. ბევრმა მათგანმა მომავალში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის სურვილი გამოთქვა. სამხედროებმა მოსწავლეებს რჩევებიც მისცეს და არჩევანი მოუწონეს.

ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა სამხედროებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორმა კი ქართველ გმირებს საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერები გადასცა და წარმატებები უსურვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე