სახალხო დამცველი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 16:54 | 06.11.2015 ნანახია: 2435სახალხო დამცველი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველი განმარტავს, 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო განჩინება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ და 6 ნოემბრის დილას შესაბამისი ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში უკვე აისახა კიდეც. განჩინების მიხედვით, მისი მიზანია ამავე მოსამართლის მიერ 3 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად სასამართლოს 14–დღიანი ვადა აქვს.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. როგორც ჩანს, 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლე დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლის მე–3 ნაწილს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უზრუნველყოფის „სხვა ღონისძიებების“ გამოყენებაც, თუ ეს აუცილებელია. სახალხო დამცველისათვის არ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველის დანიშვნის გამოყენების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.
სასამართლო განჩინებაში საკმარისად არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, მისივე გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის ღონისძიების მოქმედების პარალელურად. 5 აგვისტოს განჩინებით, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორებსა და დირექტორებს აეკრძალათ შედეგის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება, ყადაღა დაედო კომპანიის როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას.
შესაბამისად, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა.
ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის, არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა „რუსთავი 2-მა“ და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში.
მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომელიც დროებითი მმართველებისათვის განჩინებაში მითითებული სხვა უფლებამოსილებების მინიჭებას შეეხება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დროებით მმართველებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით საწარმოს წარმომადგენლობის, მართვის, ხელმძღვანელობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომელიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით, რაც ფაქტობრივად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების და დირექტორების სრული უფლებამოსილებების დროებითი მმართველებისათვის გადაცემას გულისხმობს“ განმარტავს სახალხო დამცველი.
ამ ფონზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველების საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა შეზღუდვა და აკრძალვა.
სასამართლო განჩინებაში ასევე მსჯელობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს „მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი“, თუმცა, არ ასაბუთებს, როგორ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს შერჩეული პირები - რევაზ საყევარიშვილი, დავით დვალი. მით უფრო, რომ დავით დვალი ასევე აცხადებს პრეტენზიას კომპანია „რუსთავი 2-ზე“ როგორც მესაკუთრე და დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლო დავაში, მოსარჩელე მხარე ქიბარ ხალვაშთან თანამშრომლობის დეტალებზე საუბრობენ, მის სასარგებლოდ სასამართლო დავის დასრულების შემთხვევაში. ეს გარემოებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს 5 ნოემბერს მიღებული განჩინების მართებულობასთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედება.
როგორც უკვე აღინიშნა, 5 ნოემბრის განჩინებით დროებით მმართველებს ეძლევათ კომპანიის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება, ხოლო, მოქმედ გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ დირექტორს, ასევე მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდათ. ამ პირობებში, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან კომპანიის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი, უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განჩინება თავად, ან წარმომადგენლების მეშვეობით გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში.
„ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების დაუსაბუთებლობასა და მისი ბუნების განუჭვრეტელობაზე მეტყველებს. მაშინ როცა, იმისათვის რომ იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი უზრუნველყოფით, ნებისმიერ სხვა, მათ შორის საკუთრების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათლად და ზუსტად დასაბუთებული. რასაც 5 ნოემბრის განჩინების შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ მწვავე უფლებადარღვევებთან ერთად, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს“, აცხადებს სახალხო დამცველი.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა