სასამართლომ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო

საქართველო, თბილისი - 17:02 | 29.06.2017
ნანახია: 2478

სასამართლომ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული სპორტული სკანდალი რამდენიმე თვეა მედიის ყურადღების ქვეშ არის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე 2016 წლის 23 დეკემბრის სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების და სესიის ოქმის გაბათილებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასამართლომ არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო მხარეებს გადასცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ამ თემასთან დაკავშირებით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა სეოკის ოფისში ადვოკატებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა. 

ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა მოსარჩელის პრეტენზიების აბსურდულობას და კმაოფილება არ დამალა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მისი  აზრით სრულიად ლოგიკური და სამართლიანია: „ მოსარჩელემ ისეთ საკითხებზე წამოიწყო დავა, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩვენს საზოგადოებას. მისი ბრალდებები უპეცედენტო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ოლიმპიურ კომიტეტში არჩევნები ყოველთვის გამჭვირვალედ ტარდებოდა და ამჯერადაც ასე იყო. კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ თამასა, ოლიმპიური ქარტიის და წესდების მოთხოვნების სრული დაცვით იყო ყველაფერი. ოპონენტმა ვერ აიტანა წაგება და ჩათვალა, რომ გასაჩივრება იყო საუკეთესო გზა. არა მარტო აქ გვიჩივლა, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც. ჩვენ მოგვივიდა იქიდან წერილი - გვითხრეს, ამ არასერიოზულ თემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თქვენთან არანაირი კითხვა არა გვაქვსო. თავად საჩივრის ავტორი კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს,“ - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

ირაკლი ყანდაშვილი, სეოკ-ის ადვოკატის განცხადებით, სხდომის შედეგად 2016 წლის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საკითხი  დღის წესრიგიდან მოხსნილია, :„როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მართლაც რეზონანსული საქმე, რომელიც ზოგადად ქართული სპორტის დღევანდელობას და ხვალინდელ დღეს შეეხებოდა. აღნიშნული სარჩელით და სასარჩელო წარმოებით სადაოდ იყო გამხდარი 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შედეგები სეოკ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით. 2017 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად დაასრულა მოსმენა და გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი. 

მეორე ადვოკატი, სალომე ბეჟაშვილი საქმის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შეეხო: „როგორც მოგეხსენებათ, მოსარჩელე მხარემ არა მარტო გაასაჩივრა და სადაო გახადა 2016 წლის დეკემბრის საარჩევნო სესიის ოქმი, არამედ ეჭვქვეშ დააყენა სეოკ-ის იმ წევრების ლეგიტიმურობა, როგორებიც არიან ეროვნული სპორტული და რეგიონალული ორგანიზაციები, ასევე სპორტული პროფილის მქონე ორგანიზაციები. გარდა იმისა, რომ ლოგიკურად სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები უნდა წყვეტდნენ სეოკ-ის ბედს და იღებდნენ გადაწყვეტილებას, აღნიშნული გარანტირებულია სეოკ-ის წესდებითაც, რომელიც მისი მიღებისთანავე მოწონებული იქნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც მიიღო თავის დროზე ოლიმპიური ქარტია, ამ ქარტიას შეუსაბამა და ამის მიხედვით იქნა მოწონებული სეოკ-ის წესდება. შიდა კანონმდებლობის დონეზე, ოლიმპიური ქარტიის როლს და იურიდიულ ძალას სპორტის შესახებ საქართველოს კანონიც ამყარებს. ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის 23 დეკემბრის სესია ჩატარებულ იქნა კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არჩევნები იყო ლეგიტიმური, რაც გაიზიარა კიდევაც სასამართლომ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.“

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე