საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი „ლოუკოსტერი“ შემოდის

საქართველო, თბილისი - 17:21 | 23.06.2017
ნანახია: 1202

აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის შვილობილი „ლოუკოსტერი“ Buta Airways-ი პირველ რეისს თბილისის მიმართულებით განახორციელებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, Buta Airways-ი ბაქოდან პირველ რეისს თბილისის მიმართულებით, 1-ელ სექტემბერს განახორციელებს.

საწყის ეტაპზე Buta Airways-ი ბაქოდან თბილისის გარდა ფრენებს მოსკოვის, ანტალიის, ყაზანის, კიევისა და თეირანის მიმართულებით შეასრულებს. ხოლო ზამთრის პერიოდში Buta Airways-ი ბაქოდან სანკტ-პეტერბურგისა და სტამბოლის მიმართულებებსაც დაამატებს.

როგორც ირკვევა აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ის ბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 29 ევროდან დაიწყება.

დაბალფასიანი ბილეთები არ ექვემდებარება გადაცვლას, ან მისი უკან დაბრუნების შემთხვევაში არ მოხდება გადახდილი თანხის ანაზღაურება.

ხოლო ის ბილეთები, რომელიც „სტანდარტული“ ტარიფით გაიყიდება გადაცვლას და უკან დაბრუნებისას თანხის 50%-ის ანაზღაურებას ექვემდებარება.

„ლოუკოსტერის“ ავიაბილეთის ფასი არ მოიცავს ასევე ბარგისა და ცხელი კვების საფასურს.

უკვე ცნობილია, ბარგის ღირებულება ზომებისა და წონის მიხედვით 25 ევრომდე იქნება.

ყველა რეისზე ავიაკომპანის მგზავრებს უფასოდ მიაწვდის წყალსა და ბუტერბროტს. ხოლო რაც შეეხება ცხელ კვებას, მისი შეძენა ბილეთის შეძენისას ხდება და მისი ღირებულება 7,90 ევრო იქნება. ავიაკომპანიის ბორტზე შესაძლებელი იქნება ასევე სხვა სასმელების შეძენაც.

რეგისტრაცია ავიაკომპანიის საიტზე იქნება უფასო, ხოლო აეროპორტში კი მისი ტარიფი 3 ევრო იქნება.

Buta Airways-ი, ეს არის აზერბაიჯანის ავიახაზების  AZAL-ის შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 2016 წლის დეკემბერში დაფუძნდა.

ავიაკომოპანიის ავიაპარკი Embraer-ის ტიპის თვითმფრინავებს აერთიანებს და ის ბაქოს, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე