"ქართული ოცნების" მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი კონსტიტუციის დაბალანსება და ხარვეზების აღმოფხვრა იყო - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:18 | 22.06.2017
ნანახია: 1092

ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო "ქართული ოცნების" მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის.

„2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახდა შეტანილი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის საყოველთაო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, სადაც ცვლილებები დემოკრატიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის. პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას. მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო არჩევანი. “, - განაცხადა კვირიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე