ვიდეომასალები გამოძიებას არ გააჩნია - მუხტარლის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:11 | 16.06.2017
ნანახია: 1307

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მუხტარლის გატაცების ადგილიდან ვიდეომასალები გამოძიებას არ გააჩნია და შემთხვევის ადგილი დათვალიერებულიც კი არ არის.

ადვოკატი თბილისისი პოლიციის სამმართველოში სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ იმ ვიდეომასალას გაეცნო, სადაც, მისი თქმით, ბარათაშვილის ქუჩაზე მყოფი მუხტარლი ჩანს.

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, ვიდეოში ჟურნალისტი N4 სამარშრუტო ტაქსიში ჯდება, ვიდეომასალა ჟურნალისტის ნაამბობს ადასტურებს, თუმცა არ ფიქსირდება, რა დროს და სად ჩამოვიდა ის ტრანსპორტიდან.

„არის აუცილებლობა, რომ შსს-მ მთელი გზის პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღოს, რითაც გამოძიება ზუსტი დროის დადგენას შეძლებდა, რა დროს ჩამოვიდა ტრანსპორტიდან აფგან მუხტარლი და შესაბამისად, როდის გაიტაცეს ის. გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალა გახდებოდა იმის წინაპირობა, რომ მომხდარიყო გამტაცებელთა და მათი ავტომანქანის იდენტიფიცირება, თუმცა, სამწუხაროა, რომ დღემდე ეს ვიდეომასალა არ არის ამოღებული. 

გამოძიებამ მხოლოდ ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერები ამოიღო, სხვა ვიდეომასალები კი, საქმეში არ არსებობს.

გატაცების ადგილიდან ვიდეომასალები გამოძიებას არ გააჩნია. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილი დათვალიერებულიც კი არ არის.

ყველა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმისთვის, რომ არ ჩატარდეს გამოძიება“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატების ინფორმაციით, აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. ხოლო აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ის ამ დღეს აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე