ჩვენი მიზანი იყო, ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:17 | 16.06.2017
ნანახია: 1450

„ჩვენი მიზანი იყო, ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას.

„ვენეციის კომისიამ დღეს ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით მთელი ამ თვეების განმავლობაში. ჩვენი მიზანი იყო, ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებდა ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას - ეს მიზანი დღეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ. 

მან დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამასთან დაკავშირებით, გვექნება სრული თანხმობა. კერძოდ, ჩვენ წარვადგინეთ ის მოდელი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა, ბონუსს დაედება ძალიან მკაცრი ზღვარი იმისათვის, რომ არ გვქონდეს გადახვევა საარჩევნო თანასწორობის პრინციპთან და ეს დადასტურდა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ახალი სისტემა იქნება სრულ შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მთლიანობაში 23 რეკომენდაცია იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში და ჩვენ ყველა საკვანძო რეკომენდაციას ვიზიარებთ და ავსახავთ კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიაში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე მსჯელობენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე