ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე

საქართველო, თბილისი - 05:38 | 06.11.2015
ნანახია: 1658

ტელეკომპანია რუსთავი2-ის დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, რუსთავი2-ში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა. მან მოსამართლე ურთმელიძის მიერ რუსთავი2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას "ქართული დემოკრატიის გარდაცვალება" უწოდა.

„მე მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გარდაცვალება. დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის განაჩენი, რომელიც გამოუტანა საქართველოს. დღეს მოსამართლე ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და ერთი ხელის მოწერით პრაქტიკულად დამარხა ქართუი სასამართლო, ინსტიტუტი, რომელზეც დგას ქვეყნის დემოკრატია.

"აქ არ არის საუბარი რუსთავი2-ის მომავალზე და იმ ხალხის მომავალზე, რომელიც ახლა ჩემს უკან დგას და კიდევ ასეულობით ადამიანზე, რომლებიც ჩვენი ტელევიზიის ეზოში არიან შეკრებილნი, ისინი ჩვენი თანამშრომლები არ არიან. აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე.

"წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში რუსთავი2 შეიძლება, გაითიშოს. გაითიშოს, მე ვგულისხმობ იმას, რომ დაიცალოს ხალხისაგან და აქ მოვიდეს სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკით და სულ სხვა კურიერს შეხედავთ თქვენ ყოველ საღამოს, 9 საათზე. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება თუ ვინმეს უნდა, შეუძლია, უყუროს კურიერს, ოღონდ ეს კურიერი იქნება სრულიად განსხვავებული და არა ისეთი, რომელსაც თქვენ წლების მანძილზე ხართ შეჩვეული.

"ამ ხალხმა, რომელიც ახლა აქ დგას და კიდევ იმ ასეულობით ადამიანმა, რომელიც დღეს რუსთავი2-ში მუშაობს, თავის მხრებზე მოიტანა ეს არხი დღემდე, ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ, რომ თქვენთვის ყოველდღიურად ის ინფორმაცია გადაეცათ, რომელიც ყველაზე ობიექტური იყო და, რომელსაც ელოდა მაყურებელი. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე