ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია აქუბარდიების ოჯახს მიწის ნაკვეთს უბრუნებს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 13.06.2017
ნანახია: 1012

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, ჭალეში, ეპარქიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გადამცემი ხაზის მშენებლობა იგეგმება, აქუბარდიების ოჯახს უბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს და ეკლესია წინადადებას ამ მიზეზით დათანხმდა.

 ”2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიებმა გარდაცვლილი შვილის – ომარის სახელზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას შემოსწირეს მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამო. ოჯახის სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ადგილას დაარსებულიყო მონასტერი. ქონება იურიდიულად გადაუფორმდა საქართველოს საპატრიარქოს. ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზის გამო მონასტრის დაარსება გაჭიანურდა. მიუხედავად იმისა, რომ კარ-მიდამო იურიდიულად ეკუთვნოდა ეკლესიას, მისით არასდროს უსარგებლია, რადგან შემოსავალს (თხილნარი და სახნავ-სათესი) განკარგავდნენ ოჯახის ნათესავები.

2016 წელს ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ანძა პროექტის თანახმად უნდა აღმართულიყო შემოწირული ეზოს ტერიტორიაზე. მიწის დათმობისათვის კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიმართა ეპარქიას. იმის გათვალისწინებით, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, ეკლესია დათანხმდა წინადადებას და კომპენსაციის სახით ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხა 171 663 ლარი. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპენსაცია მიიღო ელექტროგადამცემი ხაზის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის უმრავლესობამ.

სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ოჯახმა და ნათესავებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და განაცხადეს, რომ ეპარქიამ მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და გაყიდა ზემოთხსენებული ქონება. ამასთან დაკავშირებით ეპარქიამ გააკეთა განცხადება მიმდინარე წლის 7 ივნისს. ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას. 

წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: „მხიარულებით მისაცემილი უყვარს უფალსა“. რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს. რადგან მიმდინარეობს სათანადო იურიდიული პროცედურის დაზუსტება ამ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განცხადება ამის შესახებ დღემდე არ გაჟღერებულა”, - ნათქვამია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე