კომპანია „ტრანსფორდი“ მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს

საქართველო, თბილისი - 23:07 | 05.11.2015
ნანახია: 1681

კომპანია „ტრანსფორდი“ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით ხვალ, 6 ნოემბერს, მთავარ პროკურატურას მიმართავს.

როგორც კომპანიის დირექტორი აპოლონ ბჟალავა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი და ნაცვლად იმისა, რომ დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერი არ გააჩნია. შესაბამისად, ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

"ხვალ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, ვითხოვთ გამოძიებულ იქნას მოსამართლე გიორგი სულაკაძის მართლზომიერების საკითხი, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლის ობიექტურობის თაობაზე, რადგან მხოლოდ ეს მოსამართლე განიხილავს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ ყველა საქმეს“, – განაცხადა კომპანია „ტრანსფორდის“ დირექტორმა.

"ვიმედოვნებთ, მთავარი პროკურატურა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ და მოხდება სიმართლის გარკვევა და აღიკვეთება ის უკანონობა, რასაც მოსამართლე გიორგი სულაკაძე ჩადის“, – აღნიშნა ბჟალავამ.

ცნობისთვის, ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებულმა კომპანიებმა – „ჯეესკომ“ და „პრომეტკო ჯორჯიამ“ ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და „ტრანსფორდის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს 2014 წელს მიმართეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე