ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 10:21 | 13.06.2017
ნანახია: 1514

ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია!

სწორედ ასე უწოდებენ ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებულს და რეალურადაც ასეა: ნბა გახლავთ მსოფლიოს უძლიერესი ლიგა, სადაც თავი მოყრილი აქვთ პლანეტის საუკეთსო მოთამაშეებს. პირველად, ისტორიაში, ამერიკის ნაციონალური პროფესიული ლიგის გამარჯვებული გახდა ქართველი კალათბურთელი.

დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიამ ის საჩემპიონო ბეჭედი მოირგო, რომელიც ოცნებად დარჩა ისეთი დიადი კალათბურთელებისთის, როგორებიც არიან: კარლ მელოუნი, ჩარლზ ბარკლი, ჯონ სტოქტონი, ელჯინ ბეილორი, დომინიკ უილკინსი, პატრიკ იუინგი, ალენ აივერსონი და სხვანი. ფაჩულიასთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა ზემოთ ჩამოთვლილ უბეჭდო დიდ კალათბურთლთა სიაში აქამდე მყოფმა კევინ დიურანტმა, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და დაჯილდოვების ცერემონიალზე პლეი ოფის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

„გოლდენ სტეიტი“ ფინალურ სერიაში 3:1 უგებდა ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ და შესანიშნავი შანსი ხელიდან არ გაუშვა. დიურანტის წინამძღოლობით, რომელმაც საბოლოოდ 39 ქულა მოიპოვა, ოკლენდელებმა 129:120 დაამარცხეს ლებრონის გუნდი და ჩემპიონები გახდნენ. ბოლო 3 სეზონში მხოლოდ ეს გუნდები იყვნენ ფინალში და გოლდენსტეიტელებმა პირველობა მეორედ იზეიმეს.

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართელმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა. ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. 

ზაზა ფაჩულიას მაქსიმალური შედეგი აქამდე პლეი ოფის მეორე რაუნდი, ანუ ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა იყო, რომელიც მან 9 წლის წინ "ატლანტა ჰოუქსის" შემადგენლობაში მოახერხა. ზაზამ ძლიერი 2015-16 წლების სეზონი ჩაატარა "დალსში", რის შემდეგაც საჩემპიონოდ მომართულ "გოლდენ სტეიტი" გადავიდა და დღეს მსოფლიოს ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი მოირგო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე