თბილისი ბალავაძე-კარტოზიას საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 01.06.2017
ნანახია: 1888

10-11 ივნისს, თბილისი ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლებს. ტურნირი წლების განმავლობაში ქვეყნის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიება იყო.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მანუჩარ კვირკველიას და მისი გუნდის მუშაობით ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასთან (UWW) ბალავაძე-კარტოზიას ტურნირი ისევ ჩასვეს საერთაშორისო ტურნირების კალენდარში. ამჯერად შეჯიბრში 15 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი UWW-ს ეგიდით გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

საუკეთესოები ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ჩემპიონ-პრიზიორები მედლებთან და თასთან ერთად ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდებიან, გამარჯვებული 1000$-ს, მეორე ადგილოსნები 800$-ს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები 500$-ს მიიღებენ.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საქართველო ტურნირში გაფართოებული შემადგენლობებით იასპარეზებს. ინფორმაციისათვის, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ნაკრებებისთვის, თბილისის გრან-პრი ერთ-ერთი ძირითადი ეტაპი იქნება ეროვნული ნაკრებების დასაკომპლექტებლად 21-26 აგვისტოს, პარიზში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის. ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის, თამაზ (გეგა) გეგეშიძისთვის ეს ტურნირი პირველი საერთაშორისო გამოწვევაა - 17 დეკემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მას თავის გუნდთან ერთად პირველად მოუწევს ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობა.

ტურნირის პროგრამა: 9 ივნისი 17.00 - 18.00 - აწონვა ბერძნულ-რომაული 59-71-80-98 კგ, თავისუფალი 57-65 -74-97 კგ. სპორტის სასახლე (26 მაისის #1) 10 ივნისი 09.00-14.00 - წინასწარი და დამამშვიდებელი ეტაპის შეხვედრები (ბ/რ 59-71-80-98) & (თ/ჭ 57-65 -74-97) 15.30-16.00 - აწონვა ბ/რ 66-75-85-130 კგ & თ/ჭ 61-70-86-125 კგ 16.30 - გახსნის ცერემონია 17.00-20.00 - ფინალური ბლოკი ბ/რ 59-71-80-98 კგ & თ/ჭ 57-65-74-97 კგ 11 ივნისი 09.00-14.00 - წინასწარი და დამამშვიდებელი ეტაპის შეხვედრები (ბ/რ 66-75-85-130) & (თ/ჭ 6l -70-86-125) 17.00-20.00 - ფინალური ბლოკი ბ/რ 66-75-85-130 კგ & თ/ჭ 6l -70-86-125 კგ დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციისათვის: თბილისის საერთაშორისო ტურნირს FILA-ს გადაწყვეტილებით 1962 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ.

თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს.

თბილისის ტურნირზე გაუმარჯვებულებს შორის არიან: ნოდარ ხოხაშვილი, ვლადიმერ რუბაშვილი, ტარიელ ალიბეგაშვილი, ზარბეგ ბერიაშვილი, შოთა ლომიძე, ნოდარ მოდებაძე, გურამ საღარაძე, გოგი მაკასარაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები: ლევან თედიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, ლერი ხაბელოვი. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ტურნირი ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას საერთაშორისო ტურნირის სახელით იმართებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე