დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შუალედურ ანგარიშებს საერთაშორისო კონსორციუმი სამ თვეში ერთხელ წარადგენს

საქართველო, თბილისი - 10:30 | 05.11.2015
ნანახია: 1724

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება-შემუშავებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმის („სითი ინსტიტუტი საქართველო“, „AS&P – Albert Speer & Partner GmbH“, „Atelier Alfred Peter Paysagiste“, „DR. BRENNER INGENIEURGESELLSCHAFT MBH“) გერმანელ წარმომადგენლებს შეხვდა.

საერთაშორისო კონსორციუმის წევრებმა ვიცე-მერს ის ძირითადი პრინციპები და ხედვა გააცნეს, რაც, სამომავლოდ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში გაიწერება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამ თვეში ერთხელ, კონსორციუმის წევრები დედაქალაქის მერიაში თბილისის გენერალური გეგმის შესახებ შუალედურ ანგარიშებს წარადგენენ .

„შევხვდით გამარჯვებული კონსორციუმის გერმანელ წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ. გერმანულმა მხარემ გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაგვაცნო, ასევე, შევთანხმდით, რომ სამ თვეში ერთხელ, მოგვაწვდიან ინფორმაციას და დასკვნებს შუალედური ანგარიშების სახით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ გვეცოდინება, თუ რა ეტაპზე იქნება გენერალური გეგმა, საბოლოოდ საუკეთესო შედეგის მისაღწევად“,- განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

კონკურსში გამარჯვებულმა გუნდმა თბილისის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 18 თვეში, სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარუდგინოს. განახლებული   გეგმა განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე იქნება ორიენტირებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე