დავთ ნარმანია მოქალაქეებს მიმართავს - ერთობლივი ძალებით, ჩვენ, მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ

საქართველო, თბილისი - 11:05 | 04.11.2015
ნანახია: 1546

დედაქალაქის მერია, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, აქტიურად მუშაობს. როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, გადატვირთული გზები და საცობები ქალაქში გადაადგილებას, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ართულებს, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მთავრი გამომწვევი მიზეზი კი კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებაა, რაც ბოლო დროს, განსაკუთრებით, გახშირდა. თბილისის მერის განცხადებით, ტენდერებში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და აღნიშნულ კომპანიებს  კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ.

 

„ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევს, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ნაწილში, მყისიერად გატარდება კანონით დადგენილი ზომები და დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები. ამასთან, უკვე გამოაცხადდა ახალი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ობიექტებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის ქუჩებში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ასევე, შემუშავდა დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა და ცენტრალურ რაიონებში, სადაც  ინტენსიური მოძრაობაა, დილის 8:30 საათიდან - 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან - 20:30 საათამდე დასუფთავების მანქანები არ იმოძრავებენ. 

„აქვე მინდა, მივმართო თითოეულ მოქალაქეს, რომ მაქსიმალურად დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოეკიდოს დედაქალაქის სისუფთავის საკითხს და ხელი შეგვიწყოს აღნიშნული გეგმის განხორციელებაში. ერთობლივი ძალებით, ჩვენ, მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე