ქვეყნის მთავარი დოკუმენტი კონსენსუსის გარეშეა ხელმოწერილი - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:31 | 28.04.2017
ნანახია: 910

ქვეყნის მთავარი დოკუმენტი კონსენსუსის გარეშეა ხელმოწერილი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის - „კონსტიტუცია ყველასია“  ფარგლებში ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე. გიორგი მარგველაშვილის თქმით,  საქართველოს კონსტიტუციას ხელს ყველა მოქალაქე უნდა აწერდეს და კონსტიტუციის წერის პროცესი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად გამთლიანების, უფრო მეტად გაძლიერების წინაპირობა. მან ხალხის აზრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

"ქვეყნის მთავარი დოკუმენტი კონსენსუსის გარეშეა ხელმოწერილი და როდესაც საკონსტიტუციო კომისია თითქმის ყველამ დატოვა, ხალხის აზრი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.'- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზეც ისაუბრა. ის შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხალხის აზრით არავინ დაინტერესებულა ამ ცვლილებების მიღებისას.

"მთავარსარდლის ფუნქცია დაიკარგა და ქვეყანაში, სადაც ასეთი გამოწვევებია, ეს დიდი პრობლემაა. არასდროს არ შევეკვრები არავის და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით და არც არავინ იფიქროს ქვეყნის მთავარი დოკუმენტით ვაჭრობა და მისი შიდა ინტერესებზე მორგება,"- ამბობს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილმა მანდატების განაწილების სისტემას უსამართლო და მიუღებელი უწოდა. ამ წუთებში სტუდენტებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს. პრეზიდენტი დღესვე ახალციხის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სამცხე-ჯავახეთი უკვე მე-5 რეგიონია, სადაც კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე