ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 04.11.2015
ნანახია: 1658

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტველ კოლეგას, ალგირდას ბუტკევიჩიუსს შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან ლორეტა გრაუჟინიენესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური, ლიტველ კოლეგასთან ერთად, საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველ შეხვედრას გახსნის, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში, გვირგვინით შეამკობს ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს და 1918-1921 საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრირებული ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის საფლავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვილნიუსში ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრსაც დაათვალიერებს, ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც რექტორს და ქართული ენის შემსწავლელ ლიტველ და ქართველ სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ლიტველ ბიზნესმენებთან.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იმყოფებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე