გოჩა თუთბერიძე: თანაბარზომიერად მიაწოდეთ ბაზარს ვალუტა და სიტუაცია მალე დასტაბილურდება

საქართველო, თბილისი - 19:27 | 22.09.2015
ნანახია: 2667

თანაბარზომიერად მიაწოდეთ ბაზარს ვალუტა და სიტუაცია მალე დასტაბილურდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გოჩა თუთბერიძე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ლარის კურსის დასტაბილურებისთვის რეზერვების გახარჯვას.

”დღეს სებ-მა გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა (რას ამოიჩემა ეს 40 მლნ.?) გაყიდა 27 მლნ.-მდე და კურსი ჩამოვიდა 2.40-ზე. გამოდის რომ ბაზრის მოთხოვნა მხოლოდ 27 მლნ. იყო და სანამ ის არ დაკმაყოფილდებოდა იჯლიგინებდა კურსი ზევით და ქვევით. არ არის საჭირო 40 მილიონების გამოტანა. თანაბარზომიერად მიაწოდეთ ბაზარს ვალუტა და სიტუაცია მალე დასტაბილურდება, თუ ეს თქვენი სურვილიცაა რა თქმა უნდა”, - ამბობს თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს. 

”ლარის კურსის მაჩვენებელი უკვე პიკშია და მიუხედავად იმისა, რომ მომავალში მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი ამ ეტაპზე ბანკი მკზადაა საჭიროების შემთხევავში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს”, - განაცხადა ქადაგიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. 

22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მილიონი აშშ დოლარი. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე გაყიდა 26 960 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4083  შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე