თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 18:21 | 24.03.2017
ნანახია: 1048

თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მერია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით.

,,გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გარემოვაჭრეებს როგორც ადრე, ისე ახლაც მიეცათ გაფრთხილება უკანონო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, თბილისის მერია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით და გაფრთხილებისამებრ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

ამასთან, ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამოს მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს მოვუწოდოთ ყველას, ნუ ეცდებიან თემით სპეკულირებას, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა უკანონო საქმიანობაა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე