25 მარტს, გამოფენა-ფორუმი „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:36 | 24.03.2017
ნანახია: 1142

25 მარტს, 18:00 საათზე,  ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI) „გერმანია - საქართველო 2017 წლის ფარგლებში“ მოეწყობა გამოფენა-ფორუმი, სახელწოდებით „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“.

ღონისძიება ეძღვნება გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს კავკასიაში.

აღნიშნული საიუბილეო თარიღი, UNESCO–ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, შევიდა იმ თარიღთა სიაში, რომლებიც 2016-2017 წლებში UNESCO–ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომლის შექმნაც უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საარქივო საილუსტრაციო ფოტო-ვიდეო მასალების ჩვენება, რომლებიც ასახავენ გერმანულ დასახლებებში სამშენებლო საქმიანობის განვითარებას.

გამოფენას გახსნის  სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის დირექტორი - მარიტა რიდელი.

პროექტს ახორციელებს GIZ პროგრამა კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში არქიტექტორ და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან: „ქალები აშენებენ კავკასიას“ თანამშრომლობით.

გამოფენის პარალელურად გაიმართება დიალოგ-ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორ-მშენებლები  წაიკითხავენ მოხსენებებს გერმანელების მიერ დატოვებულ კვალზე არქიტექტურასა და მშენებლობის განვითარებაში, საქართველოში გერმანული დასახლებების ტურისტულ პოტენციალსა და მის როლზე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. 

პროექტის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ენერგო ეფექტურობის ინჟინერთა გაერთიანება და სხვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  ჟურნალის გამოცემა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე