რუსეთმა იეჰოვას მოწმეების საქმინობა შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 24.03.2017
ნანახია: 1896

რუსეთმა რელიგიური ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების საქმინობა შეაჩერა.

აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იმ რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანების სიაში შეიყვანა, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან. 

საბოლოო გადაწყვეტილებას 5 აპრილს რუსეთის უზენაესი  სასამართლო მიიღებს. 

ნიუ–იორკი — იეჰოვას მოწმეებმა რუსეთში შექმნილი ვითარების გამო მსოფლიო კამპანია წამოიწყეს — ისინი წერილობით მიმართავენ კრემლისა და რუსეთის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილ პირებს, არ დაუშვან იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობის აკრძალვა რუსეთში. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მთელ მსოფლიოში მცხოვრებ 8 000 000-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს მოუწოდებს, ჩაერთოს ამ კამპანიაში.

2017 წლის 15 მარტს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი შეიტანა რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი ექსტრემისტულად გამოცხადდეს, მოხდეს მისი ლიკვიდაცია და აიკრძალოს ამ იურიდიული პირის საქმიანობა. თუ უზენაესი სასამართლო დააკმაყოფილებს იუსტიციის სამინისტროს სარჩელს, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალი შეწყვეტს ფუნქციონირებას; მოხდება რუსეთში არსებული 400-მდე იურიდიული პირის ლიკვიდაცია და უკანონოდ ჩაითვლება იეჰოვას მოწმეების 2 300-ზე მეტი კრების საქმიანობა. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა როგორც ფილიალის შენობები, ისე ქვეყნის მასშტაბით არსებული სამეფო დარბაზები. უფრო მეტიც, რუსეთში მცხოვრები თითოეული იეჰოვას მოწმე რელიგიური მსახურების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი გახდება. უზენაესი სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელს 5 აპრილს განიხილავს.

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელ საბჭოს მთელი ყურადღება რუსეთში განვითარებული მოვლენებისკენ აქვს მიმართული. მშვიდობიანი და კანონმორჩილი მოქალაქეების ტერორისტებად შერაცხვა და გასამართლება სხვა არაფერია, თუ არა უფლებამოსილი პირების მხრიდან ანტიექსტრემისტული კანონის სათავისოდ გამოყენება. იეჰოვას მოწმეების სამართლებრივი დევნა მხოლოდ და მხოლოდ ყალბი სამხილების საფუძველზე ხორციელდება“.

ეს მსოფლიო კამპანია იეჰოვას მოწმეების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა არ არის. რუსეთში მცხოვრები თანამორწმუნეების მხარდასაჭერად მსგავსი კამპანია იეჰოვას მოწმეებმა დაახლოებით 20 წლის წინაც მოაწყვეს — მათ წერილობით მიმართეს რუსეთის იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოითხოვეს, შეწყვეტილიყო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელსაც მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ეწეოდა. ამას გარდა, იეჰოვას მოწმეებმა ორგანიზება გაუწიეს მასშტაბურ კამპანიას და წერილობითი თხოვნით მიმართეს იორდანიის, კორეისა და მალავის მთავრობის წარმომადგენლებს, შეეწყვიტათ იეჰოვას მოწმეების დევნა.

„თანამორწმუნეებთან ერთად ბიბლიის კითხვა, ლოცვა და ღვთის განმადიდებელი სიმღერების მღერა ნამდვილად არ არის სისხლის სამართლის დანაშაული“, — დასძენს დეივიდ სიმონიანი. — „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ წამოწყებული მსოფლიო კამპანია რუსეთის ხელისუფალთ აღძრავს, შეწყვიტონ ჩვენი თანამორწმუნეების წინააღმდეგ მიმართული უსამართლო ქმედებები“.

ინფორმაციას jw.org ავრცელებს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე