ვიქტორ დოლიძე - მილიტარისტული ნაბიჯი რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 16.03.2017
ნანახია: 1763

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან, რომელიც მას ბუმერანგივით დაუბრუნდება. გზების გადაკეტვა, სამხედრო აღმშენებლობა არ არის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი,"-განაცხადა დოლიძემ. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მტკიცე ნაბიჯებს დგამს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა აქვს.  

ეს განცხადება ვიქტორ დოლიძემ ბათუმში გააკეთა, სადაც დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია  დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შენგენის ზონაში გამგზავრებისთვის მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით იქნებიან ინფორმირებულები. 

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლაზე გუშინ განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. "მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს აღნიშნული ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო შენაერთები უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდება. სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმება რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაუგზავნა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე