იციკ მოშე: არ მინდა, ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ფრაზეოლოგიამ დააზიანოს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 24.02.2017
ნანახია: 1523

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ დღეს მედიას გააცნო რამდენიმეპუნქტიანი გეგმა, რომელიც ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლის საკითხს უკავშირდება. იციკ მოშეს თქმით, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და ზოგჯერ ეს გამოხატულია ანტისემიტური ფრაზეოლოგიით, ის გამოდის ინიციატივით, რომ დროებით, 100 დღით  შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, რათა ორივე მხარის  მონაწილეობით სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეებითვის დაიწყოს ქვეყანაში შესვლასთან  დაკავშირებულ პროცედურებსა და აკრძალვებზე ახსნა-განმარტებითი სამუშაოები,  რომელშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება „ისრაელის სახლი“.  

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, უნდა მოხდეს  ისრაელში ტურისტად ან სამუშაოდ  ჩასულთა გამიჯვნა და ტურისტულმა კომპანიებმა იმუშაონ მხოლოდ ტურისტებზე. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს. „ოფიციალური სამუშაო კვოტას გამოყოფის საკითხი ჩვენ კარგა ხნის წინ დავსვით და ისრაელისგან  მივიღეთ თანხმობაც. სასურველია, ახლა ეს შეთანხმება უკვე მხარეებს შორის  ოფიციალურად გაფორმდეს და საქართველო, მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა, მიიღებს სამუშაო კვოტას“, - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა: „გაუგებრობა და მედიის კითხვები - რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში? უნდა დასრულდეს. მე არ მინდა ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზეოლოგიამ დააზიანოს. გვჯერა, რომ ინიციატივებს, რომელზეც  მომავალ კვირას ვისაუბრებთ , ექნება შედეგი. ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ, პირველ ეტაპზე, დროებით, 100 დღით შეჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ. ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე