თინათინ ხიდაშელი: "ქართული ჯარი ქართულ კვებაზე გადავა"

საქართველო, თბილისი - 18:20 | 28.10.2015
ნანახია: 2582

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ინიციატივით ქართული ჯარი ადგილობრივი წარმოების პროდუქციით გამოიკვებება. საქონლის ახალი ხორცის შესყიდვაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ადგილობრივი პროდუქტით ჯარის მომარაგების საკითხზე თავდაცვის მინისტრმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ივლისში, ჟურნალისტების მონაწილეობით სამხედრო ნაწილებში გამართული ტურნეს დროს დადებული პირობა მალე ამოქმედდება და ქართული ჯარი ქართულ კვებაზე გადავა.

„დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მიმდინარე წელს ხორცის შესყიდვაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს იყო უცხოური პროდუქტი. მომწოდებელი იყო ინდოეთი და, ასევე, სხვა უცხო ქვეყნები. ამ ინიციატივის ფარგლებში დავეხმარებით ქართულ მეწარმეებს, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული და, ამავდროულად, ხელს შევუწყობთ ქართულ წარმოებას. ყველას მინდა ვთხოვო, გამოიჩინონ მაქსიმალური აქტიურობა. ამ ეტაპზე ტენდერი ჯარის მომარაგებაზე ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, მომავალი წლიდან პროექტი უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე, გადავალთ სხვა პროდუქტებზეც, რომლებიც იწარმოება საქართველოში და ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს. ხაზგასმით ვამბობ, საუბარია საქართველოში წარმოებულ ხორცზე და არა ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვთხოვო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და შეუძლია უზრუნველყოფა, დაინტერესდეს ტენდერით, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, მომავალი წლიდან სრულად გადავიდეთ ქართულ წარმოებაზე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრის განმარტებით, ტენდერის გამოცხადებამდე კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქართული ჯარის ქართული ხორცით მომარაგება შესაძლებელია. საპილოტე რეჟიმში კი დადასტურდება, რამდენად განხორციელდება რეალურად ამ კვლევის შედეგები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილობრივი პროდუქტით მომარაგების ინიციატივა თავისი შინაარსით უპრეცედენტოა. ამიტომ, პირველ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ საქონლის ხორცს შეისყიდის და ამ პროდუქტით თავდაპირველად აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის სამხედრო ბაზები მომარაგდება. პროგრამა წლის ბოლომდე საპილოტე რეჟიმში განხორციელდება

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე